კორონავირუსის ათვლის თარიღი შესაძლოა შეიცვალოს. უკვე 3 ქვეყანა ამტკიცებს, რომ ვირუსი მათთან ბევრად უფრო ადრე გავრცელდა

ამ დღეებში საფრანგეთში გაირკვა, რომ პირველი პაციენტი ქვეყანაში სინამდვილეში კორონავირუსით 2019 წლის 27 დეკემბერს დაინფიცირდა და არა 24 იანვარს, როგორც აქამდე ოფიციალურად ითვლებოდა.

დადგინდა, რომ პარიზთან ახლოს მცხოვრები 43 წლის მამკაცი, რომელსაც  27 დეკემბერს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს, სინამდვილეში ახალი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული. ამ დღეებში ტესტირების შედეგად მას ანტისხეულები აღმოაჩნდა. ის ამჟამად სრულად გამოჯანმრთელებულია და წარმოდგენა არ აქვს, საიდან დაინფიცირდა, რადგან დაინფიცირებულ რაიონებთან არავითარი შეხება არ ქონია, არც უმოგზაურია.

მას ზუსტად კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები – სიცხე, ხველა, სუნთქვის პრობლემები ქონდა, თუმცა იმ დროისთვის ექიმებს წარმოდგენაც კი არ ქონდათ ახალი კორონავირუსის არსებობის შესახებ.

მხოლოდ 31 დეკემბერს დააფიქსირა ოფიციალურად ჯანმოს ჩინეთის განყოფილებამ რომ ჩინეთის ქალაქ უხანში უცნობი წარმოშობის ვირუსი გაჩნდა.

ავად გახდნენ მამაკაცის შვილებიც, თუმცა ცოლს არანაირი სიმპტომი არ ქონია. არადა ინფიცირების წყარო შესაძლოა სწორედ ის იყოს.  ქალი შარლ დეგოლის აეროპორტთან მდებარე სუპერმარკეტში მუშაობს და შესაძლოა ჩინეთიდან ჩამოსულებთან ქონოდა კონტაქტი. როგორც ის ამბობს, მათთან ხშირად შედიან კლიენტები პირდაპირ სამგზავრო ჩემოდნებით.

საფრანგეთში დაფიქსირებულ შემთხვევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, ბოლოს და ბოლოს როდის გავრცელდა რეალურად ახალი კორონავირუსი ევროპასა და ამერიკაში.

აქამდე ევროპაში ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის პირველ შემთხვევად  ითვლებოდა გერმანელი მამაკაცი, რომელიც გერმანიაში 19–22 იანვარს ჩასული ჩინელი კოლეგისგან დაინფიცირდა.  რეალობა კი  როგორც ჩანს სხვაგვარია. და ამის აღიარება თანდათანობით მოხდება.

თუმცა იტალიაში ამის შესხებ საუბარი ბევრად ადრე, ჯერ კიდევ მარტში დაიწყეს.

Covid 19-ის დიაგნოზი იტალიაში პირველად 20 თებერვალს, ლომბარდიის ქალაქ კოდონიოში დასვეს. იმ მომენტისთვის მთელ მსოლიოში კორონავირუსით დაავადებული დაახლოებით 70 000 ადამიანი იყო. მათგან 90% ჩინეთში.

სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ იტალიაში დაინფიცირებულთა რიცხვმა 50 000–ს გადააჭარბა. 4000–ზე მეტი პაციენტი დაიღუპა.

ასეთი მკვეთრი მატების ახსნა 20 მარტს იტალიელ მეცნიერთა ჯგუფმა სცადა. მათ მიერ ჩატარებულმა რეტროსპექტიულმა კვლევამ აჩვენა, რომ პირველი დიაგნოზის დასმის მომენტისთვის სინამდვილეში ახალი კორონავირუსი ლომბარდიის ქალაქების უმრავლესობაში უკვე მოდებული იყო, თუმცა “ინკოგნიტოდ“ და მის შესახებ არავინ იცოდა. მისი ყოველი მატარებელი კი მინიმუმ 3 ჯანმრთელ ადამიანს აავადებდა.

გამოქვეყნებული კვლევის ავტორების აზრით სინამდვილეში ვირუსის აფეთქება 20 თებერვალზე ბევრად უფრო ადრე დაიწყო.

ფილადელფიის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორი, ენრიკო ბუჩი უფრო ზუსტ ადრეულ ქრონოლოგიას გვთავაზობს. მისი თქმით იტალიაში COvid19 დეკემბრის შუა რიცხვებში შეიტანეს.

თავისი არგუმენტები ბუჩიმ პირველი დიაგნოზის დასმიდან მალევე სამეცნიერო ბლოგში ჩამოაყალიბა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დეკემბრის ბოლო კვირას ქალაქ პიაჩენცაში, კოდონიოდან სულ რამდენიმე კილომეტრში ერთდროულად მკურნალობას გადიოდა 40 პაციენტი ფილტვების ანთებით. ამის შესახებ უკვე მაშინ გაოცებით წერდა ადგილობრივი პრესა, რადგან პატარა ქალაქში ამ რაოდენობით პაციენტი ამ დიაგნოზით ისტორიას არ ახსოვს.

თებერვლის ბოლოსთვის ამ პაციენტებს ახალი კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდათ, რამაც ბუჩის ეჭვები დაადასტურა: ამ ადამიანებმა კორონავირუსი ჯერ კიდევ მაშინ გადაიტანეს, როცა ჯანმოს მისთვის ჯერ სახელწოდებაც კი არ ქონდა მინიჭებული.

იმ მომენტისთვის, როცა იტალიაში ეპიდემია ოფიციალურად აფეთქდა, სინამდვილეში ის შეუმჩნევლად უკვე ორი თვის მანძილზე ფართოდ იყო გავრცელებული.

ზუსტად როდის შევიდა იტალიაში ახალი კორონავირუსი უცნობია. გენეტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ის ქვეყანაში ჩინეთიდან ჩავიდა.

იტალიის მაგალითით მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ვირუსი სწორედ დეკემბრის დასაწყისში ან შუა პერიოდში შევიდა.

საფრანგეთის შემთხვევამ ეს ვარაუდი დაადასტურა. იგივე ისტორიაა ამერიკაშიც, სადაც ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ კორონავირუსით პირველი პაციენტი ქვეყანაში იმაზე ბევრად ადრე გარდაიცვალა, ვიდრე აქამდე ეგონათ.

კალიფორნიის შტატის სანტა-კლარის საგრაფოს ჯანდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსით პირველი ამერიკელი 3 კვირით ადრე გარდაიცვალა და ის არა ვაშინგტონის შტატში, არამედ კალიფორნიაში ცხოვრობდა. თადაპირველად სრულიად ჯანმრთელი კალიფორნიელი  ქალის გარდაცვალების მიზეზად მისმა ახლობლებმა გულის შეტევა ჩათვალეს, თუმცა მას შემდეგ, რაც კორონავირუსი ფართოდ გავრცელდა მისი სიკვდილის მიზეზის გარკვევა გადაწყვიტეს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ კოვიდ-19-ით პირველი ამერიკელი ვაშინგტონის შტატის ქალაქ კირკლენდში 29 თებერვალს გარდაიცვალა. სანტა-კლარის ჯანდაცვის მესვეურებმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრს ატლანტაში რამდენიმე საეჭვო ქსოვილის ნიმუში გაუგზავნეს და ზოგიერთზე დადებითი პასუხი მიიღეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსით პირველი ადამიანი საკუთარ სახლში 6 თებერვალს, თითქმის 3 კვირით ადრე გარდაიცვალა, მეორე კი 17 თებერვალს.

ამერიკელი მედიკოსებიც აცხადებენ, რომ ვირუსი კალიფორნიაში ბევრად ადრე გაჩნდა, ვიდრე ოფიციალურად დაფიქსირდა. სავარაუდო თარიღად აქაც დეკემბერი სახელდება. მათი აზრით ეპიდემიის დასაწყისმა შეუმჩნევლად ჩაიარა, რადგან გრიპის ეპიდემიას დაემთხვა. იმ შემთხვევაში, როცა კორონავირუსი განსაკუთრებული გართულებების გარეშე მიმდინარეობს, მისი გაციებისა და  გრიპისგან გარჩევა არც პაციენტს შეუძლია და არც ექიმს.

კვლევები ვირუსის გავრცელების რეალური თარიღის დასადგენად გრძელდება. სავარაუდოდ თანდათანობით სულ უფრო მეტი მტკიცებულება გამოჩნდება საიმისოდ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების დღემდე დადგენილი თარიღები გადაიხედოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერის, კრისტიან ლინდმაიერის თქმით, არ არის გამორიცხული, კვლევების შედეგად სხვა ადრეულ შემთხვევებსაც მიაგნონ.

სპიკერმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, გამოიკვლიონ 2019 წლის ბოლო პერიოდი, რადგან ეს მსოფლიოს “ახალ და უფრო ნათელ სურათს” მისცემს ვირუსთან დაკავშირებით.