მსჯავრდებულმა საკანში ავეჯიდან მოხსნილი ჭანჭიკები გადაყლაპა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ლითონის ნივთები გადაყლაპა.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის მიმართ N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას ჰქონდა ადგილი, სიმართლეს არ შეესაბამება. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში ნათქვამია, რომ მსჯავრდებულის  ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“მსჯავრდებული ბ.წ. 2019 წლის 19 ოქტომბრიდან სასჯელს იხდის საქართველოს სსკ 353-ე მუხლის მეორე ნაწილით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, ჩადენილი ჯგფუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

2020 წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებული N6 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში იყო გადაყვანილი დიაგნოზით – რეტენციული კბილი. კლინიკაში ჩაუტარდა კბილის ექსტრაქცია, კორტიკოტომია. ამის შემდეგ მას კლინიკაში უტარდებოდა ანტიბაქტერიული და ანალგეტიკური თერაპია, ხოლო 7 აგვისტოს, კლინიკიდან გაწერის შემდეგ, პანდემიის პერიოდში დადგენილი წესის შესაბამისად, გადაყვანილი იყო პენიტენციური სამსახურის სპეციალურ საკარანტინო სივრცეში. მოცემული წესის თანახმად, პატიმარი, რომელიც სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გაივლის, ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით თავსდება სპეციალურ COVID-19 საკარანტინო სივრცეში და მხოლოდ საკარანტინო პერიოდის გავლის და ვირუსზე ტესტირების შემდეგ ბრუნდება სასჯელის მოხდის ადგილზე.

2020 წლის 8 აგვისტოს მსჯავრდებულმა, საკარანტინო სივრცეში ყოფნის პერიოდში გადაყლაპა ლითონის ნივთები (სავარაუდოდ, საკანში არსებული ავეჯიდან მოხსნილი ჭანჭიკები), რის შემდეგაც მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გადაყვანილი იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და ქირურგიული ოპერაციის გზით მოხდა მოცემული უცხო სხეულების ამოღება.

კლინიკიდან გაწერის შემდეგ, 2020 წლის 12 აგვისტოს, მსჯავრდებულმა უარი განაცხადა COVID-19-ის საკარანტინო სივრცეში გადაყვანაზე. შესაბამისად, იგი დაბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილზე, N6 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ამჟამად, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უტარდება სამოქალაქო კლინიკის მიერ დანიშნული პოსტოპერაციული თერაპია.

რაც შეეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულის მიმართ N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას ჰქონდა ადგილი, ის სიმართლეს არ შეესაბამება. პატიმრის იდენტურ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელთანაც თანამშრომლობს სპეციალური პენიტენციური სამსახური და აწვდის მას ყველა საჭირო ინფორმაციას”, – წერია განცხადებაში.