“სიმღერა, მუსიკის მოსმენა” – გირჩი აკრძალვების პარალელურად ხალხმრავალ შეხვედრებს აანონსებს

გირჩი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პარტიას ხალხმრავალი შეხვედრები აქვს დაგეგმილი, რომელიც აგიტაციასთან ერთად, შესაძლოა გულისხმობდეს მუსიკის მოსმენას, სიმღერასა და სხვა აქტივობებს.

“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ტიპის ღია თუ დახურული ტიპის ხალხმრავალ შეხვედრებში.

შეხვედრები იქნება სხვადასხვა ტიპის და გარდა პარტიული აგიტაციისა და გირჩის ლიდერებთან პირადი კონტაქტის დამყარებისა, თავის თავში შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, კერძების დაგემოვნებას, ალკოჰოლის მიღებას, სიმღერასა და სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას”,- წერს გირჩი.

პარტიის განცხადებით, ამ აქტივობებში ხელის შეშლა ხელისუფლების მიერ გირჩის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლად იქნება აღქმული.

“აღნიშნული შეხვედრების ნაწილის ორგანიზებაში გვეხმარებიან მეგობრები, მხარდამჭერები და კომპანიები, რომელთაც აქვთ ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობის გამოცდილება.

რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან ნებისმიერი მიზეზითა და ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ასეთი შეხვედრების ორგანიზებაში, ჩვენს მიერ აღქმული იქნება როგორც ხელისუფლების მიერ გირჩისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა”,- წერია გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეიდან იკრძალება 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისთვის, მათ შორის ღია ცის ქვეშ. ასევე, იკრძალება ღამის კლუბები. აკრძალვები არ ეხება საარჩევნო აგიტაციას.