მუშაობა ეზარებათ პარლამენტში ერთადერთი, რითიც არიან დაკავებული, დგანან და გვწყევლიან – ელისაშვილი ოპოზიციაზე

რა მაგარი ამბავია – მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„მიზანი არის ის, რომ ბოლოს და ბოლოს მივიღოთ ისეთი არჩევნები, საარჩევნო წესი, პროცედურები, საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც ვენდობით. 30 წელია გვინდა ეს და ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ. დღეს რა პროცესიც დაიწყო, ამან 1-ელ მარტამდე კანონპროექტის სახე უნდა მიიღოს და 1-ელ მაისამდე მოქმედი კანონი გახდეს. ამ ყველაფერმა უნდა მოიტანოს სანდო არჩევნები და ეს იქნება ჩემი აზრით, ყველაზე სერიოზული მიღწევა ქვეყანაში და წინ გადადგმული ნაბიჯი. თუ არჩევნები ჩატარდება პატიოსნად, ეს განაპირობებს იმას, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდება და მერე შევძლებთ ხელისუფლებების შეცვლას არჩევნების გზით ისე, რომ მეორე დღეს არ იყოს რევოლუციები, გადატრიალებები, არ იყოს ბოიკოტი და ქუჩაში აქციები.

თუ ეს კანონპროექტი მივიღეთ ისე, როგორც მემორანდუმშია ჩაწერილი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თამარ ჟვანია აღარ უნდა იყოს ცესკოს თავმჯდომარე. სამუშაო ჯგუფი იმისთვის იქმნება, რომ ამ სამი კვირის განმავლობაში ისეთი დეტალები გავწეროთ, რომ თამარ ჟვანია კიდევ ახალმა თამარ ჟვანიამ არ ჩაანაცვლოს. ოპოზიციის ნაწილს რატომ აქვთ ბოიკოტი გამოცხადებული და თან პრეტენზიები აქვთ – თუ ჩვენ პარლამენტში არ ვიქნებით, მაშინ ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში უნდა ვიყოთო. ეგ რა მაგარი ამბავია – მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე. არ ვიცი მე რას შვებიან. ერთადერთი, რითიც არიან დაკავებული – ჩვენ რომ რაღაცას ვაკეთებთ, მემორანდუმზე ვთანხმდებით, სამუშაო პროცესი მიდის, დგანან და გვწყევლიან. მერე მოვა თვითმმართველობის არჩევნები და გამართულ საარჩევნო სისტემაში მონაწილეობას მიიღებენ. როგორ არ შერცხვებათ, ძალიან მაინტერესებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და მუშაობას, ელისაშვილი აცხადებს, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას „მოქალაქეები“ არ აპირებენ.

„ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ რომ ვერ ასაბუთებს არჩევნების გაყალბების მასშტაბს, უხერხულია იმიტომ, რომ საქართველოს მასშტაბით ამ სამ ოპოზიციურ პარტიას ჰყავდა 3800-ვე უბანზე ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული კომისიის წევრები და მათ ადგილას მე მაგრად შემრცხვებოდა, რომ ვერ დამესაბუთებინა არჩევნების გაყალბების მასშტაბი. ჩვენ პარტიას, როგორც ახალრეგისტრირებულ პარტიას გვყავდა რამდენიმე ათეული, თითზე ჩამოსათვლელი, მოხალისე დამკვირვებელი და კონცენტრირებული ვიყავით საბურთალოზე. თავისი ალტერნატიული კომისია შექმნან და დაამტკიცონ [გაყალბება]!“ – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება.მმართველმა გუნდმა სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომელმაც საარჩევნო რეფორმაზე უნდა იმუშაოს, წინა კვირას დაანონსა.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს 2021 წლის 1-ელ მარტამდე წარედგინება, ხოლო კანონპროექტი მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლია 1-ელი მაისისა