მყარი ნაწილაკების მატება, დიდი ალბათობით, უდაბნოდან მტვრის გავრცელებამ გამოიწვია – სააგენტო

ფოტოს ავტორი: გიორგი შერმაზანაშვილი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში, 18 იანვრიდან, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალურ აზია) მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული.

„აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე”,- აცხადებენ სააგენტოში.