მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებაა – ენმ შსს-ს განცხადებაზე

“მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებაა”- ასე აფასებს, ნაციონალური მოძრაობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას დაანონსებაა. ენმ აცხადებს, რომ განცხადებაში არასწორად არის განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, რაც მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად.პარტია მოუწოდებს შსს-ს, შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ განაცხადა, რომ მსვლელობის მონაწილეები არღვევენ საქართველოს კანონს და კონსტიტუციას. აღნიშნული განცხადებაში არასწორად არის განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, რაც მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად და წარმოადგენს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებას.

საქართველოს კონსტიტუციიის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია შეკრების თავისუფლება, “ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება”.

ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება არა მხოლოდ დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, არამედ განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, პირთა მიერ ხსენებული უფლების ეფექტიანი რეალიზების უზრუნველსაყოფად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საჯარო განცხადებით წინასწარ იქნა გაფრთხილებული ყველა შესაბამისი ორგანო, რომ ზემო ხსენებული მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა შეზღუდული დროის მონაკვეთში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.

წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის არსებობის ერთადერთი მიზანია სახელმწიფო ორგანოებისათვის შესაძლებლობის მიცემა, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს შეკრებისა ან/და მანიფესტაციის უფლების განხორციელება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს, უზრუნველყონ შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, “შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა”, – აღნიშნულია განცხადებაში.