საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, ლია ორკოდაშვილის თქმით, მისთვის მძიმე სანახავი იყო ექსპრეზიდენტის შეყვანის კადრები გლდანის ციხის საავადმყოფოში.
“როგორც ადამიანს და როგორც მოსამართლესაც, ძალიან მძიმე [რეაქცია მქონდა], ძალიან განვიცადე, იმიტომ, რომ მკვლელიც რომ იყოს ადამიანი, მისდამი მოქცევა ფარგლებში უნდა იჯდეს. რაც ჩვენ გვაჩვენეს, საკმაოდ მძიმე სანახავი იყო”,– ამბობს მოსამართლე TV პირველთან ინტერვიუში.
ორდოკაშვილი აღნიშნავს, რომ თუ გამოიკვლევენ და დაადასტურებენ, რომ “ამ ყველაფერმა ამ ადამიანის ტანჯვა გამოიწვია”, მაშინ მას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
მან ყურადღება გაამახვილა მოსამართლეების მიერ ექსპრეზიდენტისთვის აღმკვეთი ღონისძიების მოხსნაზე და განმარტა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ის ციხეს მაშინვე დატოვებს.
“თუ ქალბატონი სალომე მივა იმ დასკვნამდე, რომ გაითვალისწინოს ყველა ის გარემოება, რაც ხდება ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ და შეიწყალოს ის, ჩვენ რომ პატიმრობა არ გაგვეუქმებინა, როგორც აღმკვეთი ღონისძიება, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. ახლა, თუ ქალბატონი სალომე მივა იმ დასკვნამდე, რომ მას შეიწყალებს, მას ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთა აღარ აქვს და ის გარეთ იქნება”,– განაცხადა ლია ორკოდაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ შედგება. ექსპრეზიდენტს პროცესზე დასწრება სურს.