მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები 5 000 ლარამდე გაიზრდება – კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრის შემთხვევების გახშირების გამო, ამ მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება.ქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმის 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაზრდა იგეგმება. მისი განცხადებით, ამ საკითხზე მერიას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარლამენტს წარედგინება.

“მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება და დარწმუნებული ვარ მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას. შემოთავაზებული ცვლილებით გამკაცრდება კანონმდებლობა პირველ რიგში უკანონო ჭრებისთვის – ჯარიმა 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო განმეორებით აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის 1 000 ლარიდან 10 000 ლარამდე.

რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ვერ დგინდება მოჭრილი ხის სახეობა, ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული იყო მხოლოდ 500 ლარიანი ჯარიმა, წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული თანხა გაიზრდება და თითოეული ნარგავისთვის ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5 000 ლარი. ასევე გასამმაგდება ზიანის გამოთვლისთვის დადგენილი კოეფიციენტები”, – განმარტა კალაძემ.