მჯერა, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი – თალაკვაძე პანსიონზე

პარლამენტის ვიცესპიკერი არჩილ თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქე ყველა ბავშვი დაცულია კონსტიტუციური მექანიზმებით.

მისი თქმით, ომბუდსმენს მონიტორინგის ჩატარების უფლება ნებისმიერ დაწესებულებაში აქვს.

თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ საპატრიარქოს დასამალი არაფერი აქვს.

“რაც შეეხება სახალხო დამცველს, მას აქვს უფლება რომ ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც განთავსებული არიან საქართველო მოქალაქეები და ბავშვები მათ შორის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჩაერთო ამ საკითხში და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი ხელს შეუწყობს ყველანაირად, რომ ამ საერთო ჭეშმარიტებაზე, რასაც კანონი ითვალისწინებს შეთანხმება მოხდეს. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს მაშინ, როცა საკითხი ეხება ბავშვებზე მზრუნველობას”, — განაცხადა თალაკვაძემ.