მჯერა, ჯარისკაცებს არ დატოვებთ ბრძოლის ველზე ყვავ-ყორნების საძიძგნად – ქანთარია ღარიბაშვილს

უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია თავდაცვის მინისტრს, ირაკლის ღარიბაშვილს მიმართავს და ამბობს, ის მამაცი, ერთგული და მამაცი ადამიანი.

ქანთარიას სჯერა, რომ თუ საქართველოში ომი იქნება, ღარიბაშვილი ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე არ დატოვებს.

“ჯარს აუცილებლად სჭირდება რამდენიმე უმთავრესი თვისება. ეს არის თავდადება, ერთგულება და სიმამაცე. და ეს რომ იყოს, უნდა გქონდეს ხელმძღვანელობას, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რადგან კარგად გიცნობთ, მინდა დაბეჯითებით ვთქვა, რომ აი ეს ყველა თვისება თქვენ გაგაჩნიათ და ესე იგი თქვენ გუნდსაც.

მე მჯერა, ბატონო ირაკლი, რომ თქვენ ყველაფერს ეცდებით, რომ არ მოახდინოთ ომის პროვიცირება, მაგრამ თუ ეს მოხდა, მჯერა, ჯარისკაცებს არ დატოვებთ ბრძოლის ველზე ყვავ-ყორნების საძიძგნად. მჯერა იმისა, რომ მტრის თვითმფრინავის დანახვაზე თვალი წითელი ხიდისკენ არ გაგექცევათ და მჯერა, რა თქმა უნდა, რომ მაქსიმალურად შეეცდებით, ჯარი იყოს მუდმივად მზადყოფნაში თავის ქვეყნის დასაცავად”,- უთხრა ქანთარიამ ღარიბაშვილს.

მან აღნიშნა, რომ არ უკვირს, რომ ჯარისკაცებს ღარიბაშვილის მიმართ გულმხურვალე დამოკიდებულება აქვთ.