ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის კაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

კლინიკა მედცენტრის ხელმძღვანელის, მედეა ქაჯაიას თქმით, ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

ექიმის ინფორმაციით, ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა.

“პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური, გვაქვს დადებითი დინამიკა, პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, სუნთქავს თავისით, შემოდის კონტაქტში, ასრულებს დავალებებს. პაცინეტი დღეს მაინც დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, იმიტომ, რომ ის დარღვევები, რომელიც ჰქონდა შემოსვლის დროს ყველა კორეგირებული, ჯერჯერობით, არ არის. პაციენტს სჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა და ყველა საათში ხდება მონიტორინგი იმ სასიცოცხლო ფუნქციების, რომელიც იყო დარღვეული შემოსვლის დროს”,– ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი.

ბათუმში 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, 3 ბავშვია.