ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია, 2011 წელს 140 პირი დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  სპეციალურ ბრიფინგზე აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზთან უკანონო დაკავებების რიცხვი არ გახშირებულა. მათი თქმით, უკანონო დაკავებები 2008–2012  წლებშიც მიმდინარეობდა.

“საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ ფიქსირდება. 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ათეულობით მოქალაქეს აკავებენ. 2009 წელს საქართველოს 80–მდე მოქალაქე იქნა უკანონოდ დაკავებული, 2010 წელს ასევე 80 ადამიანი დააკავეს, 2011 წელს უკანონოდ დაკავებების რიცხვა 140–ს მიაღწია, რაც ერთ–ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია უკანონოდ დაკავებების სტატისტიკაში. 2012 წელს 110 ადამიანი დააკავეს. 2019–2020 წლებში უკანონოდ დააკავეს 86 და 64 ადამიანი”,– აცხადებს სუს.

მათი მტკიცებით, უკანონო დაკავებების გამომწვევი მიზეზი არის არა სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა, არამედ უშუალოდ რუსეთ–საქართველოს 2008 წლის შემდეგ დამდგარი ოკუპაცია.

“შესაბამისად, ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია. თავისთავად მცდარია აღნიშნული ნარატივის დაკავშირება სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გატარებულ როგორც ზოგად, ისე უსაფრთხობის პოლიტიკასთან”,– აცხადებს სუს–ის წარმომადგენელი ბრიფინგზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში არსებული ნარატივი, თითქოსდა სახელმწიფო მალავს გატაცებულთა სტატისტიკას, მცდარია.