ნატო-ს სამხედრო სწავლებაში საქართველოს არმონაწილეობა ძღვენია კრემლისთვის – თეონა აქუბარდია

“ნატო-ს სამხედრო სწავლებაში საქართველოს არმონაწილეობა ძღვენია კრემლისთვის” –  ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მე მინდა გამოვეხმაურო სწორედ 30 აპრილს თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ იმ ნატო-ს სწავლებაში, სადაც საქართველო წლებია მონაწილეობს და რომლის მთავარი იდეა არის რუსეთის აგრესიის შეკავებაზე ფოკუსირება და შეერთებულ შტატებთან, ნატო-სთან და მოკავშირე წევრ ქვეყნებთან ერთად სამხედრო სწავლებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ამ სწავლებაში თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არ მონაწილეობს და ეს ახსნა სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯით და სხვადასხვა სირთულით, რაც არის ტყუილი და რაც არის დამაზიანებელი ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარებისთვის. […] აქვე, მნიშვნელოვანი არის, რომ მოლდოვაც რომელიც არც ნატო-ში არ მიილტვის და არც ისეთი დონის თანამშრომლობა აქვს შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან, როგორც საქართველოს, იღებს მონაწილეობას ამ სწავლებაში. ამ მოცემულობაში, როდესაც რუსეთი შეშფოთებით ადევნებდა თვალს, ამ სამხედრო სწავლებას ბოლო წლების მანძილზე და გამოხატავდა კიდეც თავის უკმაყოფილებას, საქართველოს არმონაწილეობა ამ სამხედრო სწავლებაში პირდაპირ ძღვენია კრემლისთვის და დამაზიანებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის, მით უფრო როდესაც ვლაპარაკობ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა არის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფისთვის. მინისტრმა იცრუა, როდესაც ეს ახსნა ლოჯისტიკური ხარჯებით, რამდენადაც წლების მანძილზე საქართველო მონაწილეობს ნატო-ს ამ სწავლებაში, მეტიც, გეტყვით, რომ ორი წლის წინ საქართველომ უმასპინძლა კიდეც ამ სწავლებას და როგორც წესი, სამხედრო სწავლებებში ჩვენი პარტნიორების მხრიდან იყო უზრუნველყოფილი, როგორც ლოჯისტიკურად ასევე სხვა ხარჯებით და ეს არის მკაფიო სიგნალი, ნატო-სგან, დასავლეთისგან დისტანცირების და იმის, რომ საქართველოსთვის აღარ არის დეკლარირებული ეროვნული ინტერესი – ნატო-ში გაწევრიანება, ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა. […] მოვუწოდებ ასევე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს დაინტერესდეს იმ მიზეზებით თუ რის გამო თქვა უარი თავდაცვის მინისტრმა „მცველ 2023“-ის სწავლებაში მონაწილეობაზე. 2020-2021 წელს არის დაგეგმილი ეს სამხედრო სწავლება, 5 აპრილის მონაცემებით საქართველო იყო მონაწილე ქვეყნებს შორის და მე ამ ყველაფერს ვუკავშირებ აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირებას“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველო არ მონაწილეობს აშშ-ს მიერ ორგანიზებულ Defender 23-ის საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში. ეს არის ყოველწლიური წვრთნები, რომელთა მიზანიც აშშ-ს, NATO-ს მოკავშირეთა და სხვა პარტნიორთა შორის ურთიერთქმედების შესაძლებლობისა და მზადყოფნის განვითარებაა.

გასული წლის წვრთნებში საქართველომ მონაწილეობა მიიღო.