ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე იბარებენ.
მისი თქმით, მინისტრთან განიხილავენ “ჩრდილოეთის, ბალტიისა და შავი ზღვის ახალი თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა”.
“უკრაინაში რუსული აგრესიის და დასავლეთის მხრიდან შეკავების ახალი არქიტექტურის ფონზე, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ეს არის დიდი შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ სრულ უმოქმედობას ხელისუფლების მხრიდან.
ამიტომ როგორც ეს მოხდა რეზოლუციისა და უკრაინაში ვიზიტის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც ოპოზიციამ უნდა იტვირთოს ხელისუფლების ფუნქცია და ოპოზიციამ უნდა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები. უკრაინაში ვიზიტისას გადაწყდა საქართველო მოლდოვა-უკრაინას ასოცირებული ტრიოს საპარლამენტო ფორმატის გააქტიურება და ერთობლივი ვიზიტების დაგეგმვა ბალტიის ქვეყნებში უკრაინის რადას წევრებთან ერთად”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე.