ნაციონალურ მოძრაობაში ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პარტიის ოფისში ენმ-ს სამოქალაქო აქტივისტებსა და მას შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

ინგა გრიგოლიას “დღის ამბებში” სტუმრობისას ნიკა მელიამ წყაროს  მიერ “ტვ პირველისთვის” მიწოდებულ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

ნაციონალურ მოძრაობაში ფიზიკური დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია! ეს ასე რომ ყოფილიყო, ოცნება მას გამოიყენებდა – ამბობს ენმ-ს ლიდერი.

მელია აღიარებს, რომ პარტიაში “აზრთა სხვადასხვაობა,  ბრძოლა ხედვებს შორის და ცხარე კამათი” ნამდვილად არის თუმცა მისივე განცხადებით, ის ხელჩართულ ჩხუბში არასდროს გადაზრდილა.

პარტია უნდა იყოს იმ ევროპულ ყაიდაზე განვითარებული, რომელიც უმტკივნეულოდ შეძლებს ქვეყნის მართვას შესაბამისი სტანდარტებით. დაწყებული მხარდამჭერების მეტი ჩართულობით, დემოკრატიის მეტი ხარისხით, ეს ყველაფერი იწვევს დისკუსიას, საუბარს, მაგრამ ცივილურ ჩარჩოებს ეს დებატები არ გაცდება”- თქვა ნიკა მელიამ.

ამასთან ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, დავით კირკიტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, ლევან ცისკარიშვილი და სხვა პირები მისი თანამოაზრეები არიან და საერთო მიზანი ამოძრავებთ.

მისივე განცხადებით, “მიზნის მიღწევის გზებზე აზრთა სხვადასხვაობაში პრობლემას ვერ ხედავს”.