ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ოცნებას და ივანიშვილს – “სირცხვილია” სააკაშვილზე

მოძრაობა “სირცხვილია” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თმქით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და მისი პატიმრობის საკითხი ნათლად აჩვენებს ერთპარტიული მმართველობის ნაკლოვანებებს, რომელმაც, სირცხვილიას შეფასებით, ქვეყანა დღეისთვის ავტორიტარულ რეჟიმამდე მიიყვანა.

მათი განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საკითხი არაჯანსაღი პოლიტიკური მოტივების საფუძველზე წყდება, რაშიც მთავარი პასუხისმგებელი პირი ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილია.

“მიუხედავად ნებისმიერი სახის პოლიტიკური გემოვნებისა, სირცხვილია ხელისუფლების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ გამოვლენილი ქცევა – პოლიტიკური დევნა, რომლის მიზანი არა მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ამავეს ღიად მიუთითებს ქვეყნის არაერთი მეგობარი და საერთაშორისო პარტნიორი.

ამასთანავე, საგანგაშოა ციხის საავადმყოფოს მიერ შეთავაზებული არასათანადო სამედიცინო მომსახურება, რომელიც ვერ პასუხობს ხაგრძლივი შიმშილობის შედეგად წარმოშობილ სასიცოცხლო რისკებს, რასაც სახალხო დამცველის შეფასებაც ადასტურებს. ხელისუფლების ქცევა ამორალურია ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და მეორე მხრივ ციხის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომელთაც აიძულებენ აიღონ პასუხისმგებლობა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე.

ხელისუფლება ამგვარი ნაბიჯებითა და სიძულვილის ენის გამოყენებითგ ცდილობს, გააღრმაოს პოლიტიკური კრიზისი და საზოგადოების პოლარიზება. შესაბამისად ნებისმიერ შედეგზე, რომელთანაც არსებული პოლიტიკური პროცესი მიგვიყვანს, პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს”, – აცხადებს სირცხვილია.