ნიკასგან მაქვს პირობა, თუ სააკაშვილი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ეცდება, დავუპირისპირდებით – ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კოორდინირებული ოპოზიცია თანხმდება, რომ ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში არ უნდა იყოს კონცენტრირებული.

მისი თქმით, ნიკა მელიასგან პირობა მიიღო, რომ თუ სააკაშვილი ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი ეცდება, ძალაუფლება ერთპიროვნულად ხელში ჩაიგდოს, ისინი მას ერთად დაუპირისპირდებიან.

“თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე პოლიტიკოსი, მათ შორის, თუნდაც სააკაშვილი წავა ამის წინააღმდეგ, მე შემიძლია გულწრფელად გითხრათ, არასდროს ეთერში არ მითქვამს, ნიკასგან მაქვს პირობა, რომ ის იქნება ამ ბრძოლაში ჩემ გვერდით. ნებისმიერს, ვინც ეცდება, ძალაუფლება ერთ ხელში ჩაიგდოს, ჩვენ დავუპირისპირდებით ერთად, ამაზე ვართ შეთანხმებული. ეს არის ამ ქვეყნისთვის გამოსავალი, იმიტომ კი არა, რომ მე ან ნიკას მოგვწონს ეს მოდელი”,– განაცხადა ჯაფარიძემ მთავარი არხის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციას უნდა, ისეთი სისტემა ააწყოს, რომ ძალაუფლების ერთი ადამიანის ხელში ჩაგდების საფრთხე აღარ არსებობდეს.

“დებილები ხომ არ ვართ მართლა, ხომ არ შეიძლება კიდევ შემდეგ ციკლზე წავიდეთ და კიდევ ვიღაც ერთპიროვნული მმართველი გაგვეჩითოს, რა მნიშვნელობა აქვს, სააკაშვილი თუ ვინ იქნება და კიდევ იმასთან იყოს საომარი. მართლა დებილები ხომ არ ვართ, ხომ უნდა ვისწავლოთ, სამი ციკლი გვაქვს გავლილი. ამაზე ვართ შეთანხმებული”,– თქვა ზურა ჯაფარიძემ.