ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადიადო. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი 13 მაისს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ასევე, ინიცირებულია ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, შესაბამისად, შესავალ სიტყვაში სამართლებრივ დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში 13 აპრილს დატოვა.

მელიამ ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე თანახმობა ორი დღის წინ განაცხადა, თუმცა იმ პირობით, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწმერი ოპოზიცია 20 ივნისის ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს.