ნორვეგიის პრინცესა მარტა ლუიზა ცოლად გაჰყვა თავის პარტნიორს, თვითგამოცხადებულ ამერიკელ შამანს დიურეკ ვერეტს.
წყვილმა დახურულ ცერემონიალზე გეირანგერის სასტუმროში, დასავლეთ ნორვეგიაში, შაბათს ორდღიანი საზეიმო ღონისძიძებების შემდეგ იქორწინა.
სხვა სამეფო ქორწილებისგან განსხვავებით, სადაც ახალდაქორწინებულებს ხალხის დიდი რაოდენობა ესალმება, ამ დღესასწაულზე მხოლოდ რამდენიმე რიგითმა ნორვეგიელმა შეძლო ბედნიერი წყვილის ნახვა – ახალდაქორწინებულები კარვით ან თეთრი ქსოვილით იყვნენ დაფარული, რადგან წყვილმა ექსკლუზიური ფოტოგადაღების უფლება ჟურნალ Hello! Magazine–ს მიყიდა.
ქორწილში Netflix-ის გადამღები ჯგუფიც შენიშნეს, რამაც ადგილობრივი გამოცემების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებსაც ზეიმზე დასწრების უფლება არ მისცეს.
ქორწილს პრინცესას მშობლები, მეფე ჰარალდი და დედოფალი სონია ესწრებოდნენ ნორვეგიის სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ასევე პრინცები და პრინცესები შვედეთიდან და ნიდერლანდებიდან.
ცერემონიაში მონაწილეობდა პრინცესა მარტა ლუიზის სამი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან გარდაცვლილ ნორვეგიელ მწერალ არი ბენთან.
გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონიალს ესწრებოდა რეალითი შოუს “ატლანტას ნამდვილი დიასახლისების” ვარსკვლავი სინტია ბეილი.
52 წლის პრინცესა მართა ლუიზმა და დიურეკ ვერეტმა, რომლებიც ქორწილის შემდეგ პრინცის ტიტულს არ მიიღებს, ნიშნობა 2022 წელს გამოაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ მათმა ურთიერთობამ ნორვეგიაში კამათი გამოიწვია, მეფე ჰარალდმა მანამდე ნორვეგიელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვერეტი “შესანიშნავი ბიჭია” და რომ მათ ერთად “ბევრი იცინეს, თუნდაც ამ რთულ დროს”.
2022 წელს ნორვეგიის სამეფო სახლმა გამოაცხადა, რომ მარტა ლუიზი „უარს იტყვის პატრონესას როლზე“, რადგან ის და ვერეტი ცდილობდნენ „უფრო მკაფიოდ გაემიჯნათ თავიანთი და ნორვეგიის სამეფო სახლის საქმიანობა“ და „აეცილებინათ გაუგებრობები“.
მას შემდეგ წყვილი კრიტიკის ობიექტი გახდა სასახლისა და ნორვეგიის პარლამენტის წევრების მხრიდან კომერციული საქმიანობის პრინცესას სამეფო სტატუსთან დაკავშირების გამო.
ნორვეგიის მაუწყებლის NRK-ის სამეფო კორესპონდენტი კრისტი მარი სკრედე ამბობს, რომ მათმა ურთიერთობამ სამეფო ოჯახში კონფლიქტი და საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვია.
”ბევრი ნორვეგიელი შეშფოთებულია იმით, რომ ის იყენებს თავის სამეფო კავშირებს ფულის საშოვნელად,” – თქვა სკრედემ და დასძინა, რომ ზოგიერთის აზრით ეს მეფე ჰარალდის მიმართ ”უპატივცემულობაა”.
პრინცესა მარტა ლუიზა წარსულში ამტკიცებდა, რომ ნათელმხილველი იყო და 2018 წლამდე მართავდა სკოლას, სადაც მისი თქმით, მოსწავლეებს ასწავლიდნენ „სასწაულების მოხდენას“ და ანგელოზებთან საუბარს. ვერეტი საკუთარ თავზე ამბობს, რომ ის შამანების ექვსი თაობიდან უკანასკნელია და ერთხელ თქვა, რომ ის 4 წუთისა და 25 წამის განმავლობაში გარდაცვლილი იყო.
„მე მივიღე ყველა ინფორმაცია იმ სამყაროდან. მე დავბრუნდი“, – განუცხადა მან New York Times-ს.