ნუ შეძვრებით პარლამენტში, ნუ დახურდავდებით პატარ-პატარა საკითხებზე – ხვიჩია ოპოზიციას

პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ოპოზიციიის წევრებს მიმართავს, “ნუ შეძვრებიან პარლამენტში” მანამდე, სანამ ბუნებრივი ბარიერით პროპორციული არჩევნების საკითხი არ გადაწყდება.

“ქართული ოცნება დიდი სიამოვნებით წამოვა ამ დათმობაზე [რიგგარეშე არჩევნებზე], თუ სხვა რამეს არ მოთხოვ. მთავარი არ არის ვადამდელი არჩევნები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ტარდება ვადამდელი არჩევნები. ისევ ისე, როგორც ჩავატარეთ ცოტა ხნის წინ? ისეთივე ადმინისტრაციით, ისეთივე სამართლებრივი ნორმებით? კიბატონო, ვადამდელი არჩევნები გვინდა, ოღონდ გვინდა სრულად პროპორციული არჩევნებით, ბუნებრივი ბარიერით. მინდა ვთხოვო ოპოზიციას, ნუ დახურდავდებიან ხელისუფლებასთან პატარ-პატარა საკითხებზე და ნუ შეძვრებიან პარლამენტში ისე, სანამ ეს საკითხი არ იქნება გადაწყვეტილი – პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით”,– ამბობს ხვიჩია ტვ პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, სანამ ნაციონალური მოძრაობა უბარიერო პროპორციულს არ ითხოვს, მოსახლეობამ იცის, რომ “ხელისუფლების ცვლილება მიშას მოსვლას უდრის.”

“არ უნდათ, გესმით?! მიუხედავად იმისა, რომ მელია ციხეშია, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ გაბერტყავენ ბევრ ოპოზიციონერს, ბევრი აქტივისტი მოხვდება ციხეში, ეს ხალხი ქუჩაში არ გამოდის. არ გამოდის იმიტომ, რომ იცის, რომ თუ ახლა ხელისუფლება შეიცვალა, მოვა მიშა. მიშა არ აძლევს გასაქანს ამ ხალხს, რომ ერთი დღით მაინც იფიქროს ხალხმა, რომ არა, მიშა კი არ მოვა, მიშა მოვა სხვასთან ერთად. ახლა ყველა შეიზილა ვინც იქ ზის. ლელოც მიშაა, სტრატეგია აღმაშენებელიც მიშაა, ევროპული საქართველოც მიშაა. ამ პირობებში არ გამოდიან, არც 25–ში გამოვლენ იმ ოდენობით და აგრესიით, რომელიც ჩვენ გვინდა”,– ამბობს ხვიჩია.