ოთახში ჩაკეტვა, ვახშმის ან სადილის აკრძალვა – უჩა ნანუაშვილი ნინოწმინდის პანსიონზე

“ოთახში ჩაკეტვა, ვახშმის ან სადილის აკრძალვა”- ამის შესახებ, ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” ნინოწმინდის პანსიონში გამოყენებულ დასჯის მეთოდებზე საუბრობს.

შემიძლია ვისაუბრო იმ ანგარიშზე, რომელიც გამოქვეყნდა დაახლოებით 6 წლის წინ. რეალობა იყო ძალიან მძიმე. ჩვენს ანგარიშში არის საკმაოდ დეტალურად საუბარი მათ შორის იმ დასჯის ფორმებზე, როგორ იყო გამოყენებული რეალურად ძალადობა. იყო საუბარი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე, უშუალოდ ბავშვებზე. იყო დასჯის მეთოდები, როდესაც ბავშვებს უკრძალავდნენ ოთახიდან გასვლას. იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვებს მუხლისჩოქებით უნდა ევლოთ დერეფანში, იყო ასეთი ფორმა. იყო დასჯის ფორმად გამოყენებული, მაგალითად, საკვების ერთ-ერთი კომპონენტის ამოღება, როდესაც ვახშამს ან სადილს უკრძალავდნენ ბავშვებს.. იყო მეტანიები, როდესაც 50 ან 100 მეტანია უნდა შეესრულებინა ბავშვს როგორც სასჯელი და ეს იყო გამოყენებული როგორც ნინოწმინდაში, ასევე ერთ-ერთ ბავშვთა სახლში, რომელშიც განხორციელდა მონიტორინგი, – ამბობს ნანუაშვილი.