ოკუპანტების მიერ გატაცებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გაათავისუფლეს და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცეს.

“გიორგი მელაძისა და დიტო კორინთელის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ცხელი ხაზის მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

საკითხი საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მწვავედ დააყენა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად” – აცხადებს სუს-ი.