ოკუპანტები ვერ იწყებენ დონბასში შეტევას, უკრაინელები მათ აკავებენ – მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკავებენ ოკუპანტების სამხედრო შენაერთებს, ამიტომ რუსეთი ვერ ახერხებს დონბასში შეტევის დაწყებას.

„ასეთი გეგმები დიდი ხანია აქვთ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ აძლევენ მათ ამის განხორციელების საშუალებას. [ოკუპანტები] აგროვებენ ძალებს, ადამიანებს, სამედიცინო ინფრასტრუქტურას, საბრძოლო მასალას და პროდუქტებს. ამ ყველაფერს ამზადებენ, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხეს ამ მეორე აგრესიული ეტაპის დაწყება, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები ძლიერად აკავებენ მათ“, – თქვა მალიარმა.

მისივე ცნობით, მოწმდება ინფორმაცია, ამზადებენ თუ არა რუსები საზღვაო-სადესანტო ოპერაციისთვის.

ბრიტანული დაზვერვის განცხადებით, რუსული არტილერია აგრძელებს უკრაინის პოზიციებზე დარტყმას ქვეყნის აღმოსავლეთით, სადაც ოკუპანტი გეგმავს შეტევითი ოპერაციის განახლებას.