ოკუპირებული ბერდიანსკის აეროდრომზე, სადაც რუსული ვერტმფრენებია თავმოყრილი აფეთქებებია–მედია

სხვადასხვა მედიასაშუალება და ტელეგრამ არხები ოკუპირებულ ბერდიანსკში აეროდრომზე აფეთქებების შესახებ წერენ.

ბერდიანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიქტორია გოლიცინამ უკრაინის საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარში დაადასტურა, რომ ოკუპირებული ბერდიანსკის აეროდრომთან აფეთქებებია.

“ამ დროისთვის არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია მოწინააღმდეგის ტექნიკის განადგურების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ არის, რადგან ცეცხლი ძალიან დიდია. ხანძარი ძალიან დიდია”, – განაცხადა მან.

ტელეგრამის არხები ავრცელებენ აფეთქებების ამსახველ კადრებს, სავარაუდოდ, ოკუპირებულ ბერდიანსკში, ზაპოროჟიეს რეგიონში. ასევე წერენ, რომ ბერდიანსკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი აფეთქება მოხდა.

ამ დღეებში OSINT-ის ექსპერტმა ბენჯამინ პიტეტმა გამოაქვეყნა აეროპორტის სატელიტური სურათები, რომლებშიც ნაჩვენებია რუსული სამხედრო ვერტმფრენები და სხვა აღჭურვილობა. ამასთან, უკრაინელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ აეროპორტი HIMARS სისტემებისთვის მიუწვდომელია.

ოკუპირებული ბერდიანსკის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აფეთქება იყო ტერორისტული აქტი – სავარაუდოდ დანაღმული იყო “ბერდიანსკის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის” ალექსეი კიჩიგინის მანქანა.