ოკუპირებულ გალში სოფლები იწვის – საქართველოს ხელისუფლება დახმარებისთვის მზადაა

ოკუპირებულ გალის რეგიონში უკვე მეორე დღეა ძლიერი ხანძარია. ცეცხლის აქტიური კერა ოკუპირებული გალის დაახლოებით 8 სოფელშია.

ამ დროისთვის ხანძრის შედეგად 10-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია დამწვარი. ხანძრის ქრობის პროცესს ხელს ძლიერი ქარი უშლის.

ადგილობრივების თქმით,  განადგურებულია სახნავ-სათესები მიწები და თითქმის სრულადაა დამწვარი თხილის პლანტაციები.

დღეს საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო რეჟიმს გალში არსებული ხანძრის გამო დახმარებაზე სრული მზადყოფნა გამოუცხადა.

“ოკუპირებული გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით.

ამ მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით”. – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.