ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში კოვიდ საბუთის წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს კოვიდ ვაქცინის ან PCR ტესტის საბუთის წარდგენი დაევალათ.  სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელი ვალდებულია წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.ომბუდსმენი აცხადებს, რომ კოვიდ საბუთის გარეშე აპარატის თანამშრომელი არ დაიშვება არც სამსახურში და არც სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ოფისს გარეთ (გარდა დისტანციურად მუშაობისა); ხოლო, გამოუცხადებლობა ანდა სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა ჩაითვლება არასაპატიოდ.

“ახალი კორონავირუსის გავრცელების და უმძიმესი ეპიდვითარების გამო, რაც ინდივიდუალურად და კოლექტიურად სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასევე სახალხო დამცველის აპარატში უსაფრთხო გარემოს შექმნისა და იმ პირთა დაცვის მიზნით, ვისთანაც აპარატის თანამშრომლებს აქვთ ურთიერთობა, სახალხო დამცველმა კოვიდ საბუთის წარდგენის ვალდებულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო”, – ვკითხულობთ განცხადებაში.