ომბუდსმენი შსს-ს: თავი შეიკავეთ ნამოხვამში სიტუაციის ხელოვნური ესკალაციისგან

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ნამოხვანში არ ჩაერიოს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში, გახსნას გზა და მოხსნას ინტერნეტის ჩამხშობი აპარატურა.

“სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან, უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამახვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს სიგნალის ჩამხშობი აპარატურა ან სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუშლის მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე მოვლენების თაობაზე, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები აწარმოოს აქციების მონაწილეებთან და არ გამოიყენოს ძალა მათ წინააღმდეგ”. – წერს სახალხო დამცველი.

მისივე განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვით მოქალაქეებს პრაქტიკულად ჩამოერთვათ შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია დასაბუთებული ინფორმაცია იმ რეალური და მყისიერი საფრთხეების შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ხდებოდა უფლებაში ჩარევა.

“ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც წინასწარ გაცხადებული იყო მშვიდობიანი შეკრების ჩატარების შესახებ და მისი მონაწილეები არ აჟღერებდნენ ძალადობრივ ზრახვებს.

ასევე შეკრების თავისუფლებაში ჩარევად უნდა შეფასდეს ამ პირების დაჯარიმება, რომელთა შეკრების და ადგილზე დარჩენის მიზანს აქციასთან შეერთება წარმოადგენდა და მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ მოახერხეს სასურველ ტერიტორიაზე შესვლა. აღნიშნული ქმნის ეჭვებს პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვის მოქალაქეთა პროტესტის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესახებ, რაც მიუღებელ პრაქტიკას წარმოადგენს”. – წერია განცხადებაში