ომის დანაშაულები დაისჯება ხანდაზმულობის მიუხედავად – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი

”ომის დანაშაულები დაისჯება ხანდაზმულობის მიუხედავად”-  ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 9 დეკემბერს, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ადამიანების, კახაბერ ნათაძისა და ვლადიმერ კანიაშვილის შესახებ ავრცელებს.  უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე, საზღვრის უკანონო გადაკვეთის და 229.1 – ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლებით დაიწყო.

„სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა შეღწევის ყველა შესაძლო მიმართულება სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ძალების საკონტროლო ზონებსა და გავლენის სექტორებშია. ხოლო იმ პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიაში და რომლებიც მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში LPR-ში, DPR-სა და სირიაში, როგორც ნაციონალისტური და ტერორისტული ორგანიზაციების ნაწილი, უნდა ახსოვდეთ, რომ ომის დანაშაულები უნდა და დაისჯებოდეს ხანდაზმულობის მიუხედავად. “- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ჩხიკვაძე უკვე მეხუთე დღეა ცხინვალის იზოლატორში ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ის ცხინვალის იზოლატორში წამების მსხვერპლია. მამუკა ჩხიკვაძე შავნაბადას ბატალიონში მსახურობდა, ასევე, მონაწილეობდა საერთაშორისო მისიებში ავღანეთსა და ერაყში. რადიო თავისუფლების ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია ცხინვალის ციხეში ჩხიკვაძის ცემის შესახებ. გამოცემას ასევე წყარო ეუბნება, რომ ჯარიდან წასვლის შემდეგ ჩხიკვაძემ სხეულზე შავნაბადას ბატალიონის ლოგო ამოისვირინგა, რაც საფრთხეებს ერთი-ორად ზრდის.