ონლაინ კენჭისყრის შემდეგ ილონ მასკმა ტრამპი Twitter-ზე დააბრუნა

Twitter-ის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა, ონლაინ კენჭისყრის შემდეგ სოციალურ ქსელში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ექაუნთი განბლოკა . ამის შესახებ თავად ამერიკელმა ბიზნესმენმა საკუთარ გვერდზე განაცხადა.

სოციალურ ქსელში გამოკითხვაში 15 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. Twitter-ზე პოლიტიკოსის დაბრუნებას გამოკითხულთა 51,8%-მა მისცა ხმა, მომხმარებელთა 48,2% წინააღმდეგი იყო.

“ხალხმა ისაუბრა. ტრამპი აღდგება. ხალხის ხმა ღმერთის ხმაა”, – დაწერა  მასკმა ტვიტერზე.

ხმის მიცემა ზუსტად 24 საათს გაგრძელდა.

მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტის ექაუნთი განბლოკეს, სოციალურ ქსელში მისი მიმდევრების რაოდენობა მუდმივად იზრდება.

თავად ოდიოზურ პოლიტიკოსს ჯერ არც ერთი შეტყობინება არ გამოუქვეყნებია.

უფრო მეტიც, მან თქვა, რომ არ სურს ტვიტერზე დაბრუნება და აპირებს გააგრძელოს საკუთარი სოციალური ქსელის Truth Social–ის  გამოყენება, იუწყება Reuters.

დონალდ ტრამპის ექაუნთი სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიბლოკა, რაც მისი მხარდამჭერები თავს დაესხნენ კაპიტოლიუმს 2021 წლის 6 იანვარს.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა დონალდ ტრამპის დაბრუნების შესახებ ონლაინ კენჭისყრა  Twitter-ზე 19 ნოემბერს დილის 2:47 საათზე დაიწყო. ბიზნესმენმა ჯერ კიდევ ტვიტერის შეძენამდე გამოაცხადა, რომ აპირებს ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშის განბლოკვას სოციალურ ქსელში.