ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც განიხილება სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელმაც პარლამენტში ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონით და კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შეისწავლოს.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენა ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს.
“კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობა აპირებს, შექმნას რაღაც სამუშაო ჯგუფი, რომ შეამოწმონ პარლამენტისთვის არალეგიტიმურად წარმოდგენილი კანდიდატების დოკუმენტაციის შესაბამისობა. ჩვენ ამ ფარს პროცესში შესვლას არ ვგეგმავთ. მოვითხოვთ, რომ შეიქმნას რეფორმის სამუშაო ჯგუფი ზუსტად ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული შარლ მიშელის დოკუმენტით, მანამდე კი მოსამართლეთა დანიშვნების პროცესი შეჩერდეს”,– განაცხადა ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.
„ჩვენ ვტოვებთ დღევანდელ პროცესს, კარგად ბრძანდებოდეთ“, – აღნიშნა მან.
მას კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ცინიკურად უპასუხა.
„ქალბატონო ანა, რომ ვიცოდეთ, პარლამენტსაც ტოვებთ, თუ მანდატებს ინარჩუნებთ ისე, რომ არ იმუშავებთ?.. საცობი რომ არ შეიქმნას, ორი მხრიდან შეგიძლიათ გახვიდეთ. მიმოიხედეთ წინ და გვერდით, ვინ ვის ინტერესებს იცავდა და ვის გვერდით ხართ… სხვადასხვა კარებიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას, კოლეგებო. ვისაც უნდა გასვლა, შეუძლია დატოვოს (საკომიტეტო დარბაზი)“, – განაცხადა ოხანაშვილმა.