ოპოზიციას ევროკავშირმა სიურპრიზის სახით დანიელსონის ვიზიტი დაუანონსა – მაჭარაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი კრისტიან დანიელსონის საქართველოში მოსალოდნელ დაბრუნებაზე ამბობს, რომ ევროკავშირმა ოპოზიციას სიურპრიზი გაუკეთა.

მისი თქმით, ოპოზიციას ლოგიკურ და პრაგმატულ წინადადებებზე დათანხმება მოუწევს.

“ოპოზიციას, რომელმაც მოლაპარაკებები ჩაშალა, ეს საჯაროდ განაცხადა და სურდა, რომ ქუჩაში დაეწყო მოღვაწეობა, ევროკავშირმა სიურპრიზის სახით ბატონი დანიელსონის ვიზიტი დაუანონსა. ბატონი დანიელსონის ჩამოსვლის დაანონსება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებებში ნამდვილად იყო ისეთი პრაგმატული რესურსი, რომელზეც შეიძლებოდა შეთანხმების მიღწევა. ოპოზიციას მოუწევს შეთანხმებაზე საუბარი და შემდგომ უკვე ლოგიკურ და პრაგმატულ წინადადებებზე დათანხმება”,– ამბობს მაჭარაშვილი იმედთან საუბრისას.