გადავდივართ მოქმედების და სულ სხვა ტალღაზე – ოპოზიცია სამომავლო გეგმებს ხვალ, პარლამენტთან გააჟღერებს

ოპოზიცია თავის სამომავლო გეგმებს ხვალ, 20 მარტს პარლამენტთან გააჟღერებს. ამის შესახებ”ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ისინი შეხვედრაზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებების განმავლობაში ოპოზიციური სპექტრი იყო კონსტრუქციული და გადადო ყველა აქცია, თუმცა ახლა რეალობა შეიცვალა.

„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ზურგი შეაქცია არამხოლოდ საკუთარ ხალხს, არამედ ევროპას და მთელ დასავლეთს. ეს იყო მათი პასუხი იმ მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისში. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ ის კარს უხურავს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მთლიანად დასავლეთს. ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია იყო სრულად კონსტრუქციული არამხოლოდ მოლაპარაკებებში, არამედ თავის ქმედებებში. ჩვენ პრაქტიკულად უარი ვთქვით ყველანაირ პროტესტზე ქუჩაში, ვიდრე არ დასრულდებოდა მოლაპარაკებები, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ კიდევ გამოინახებოდა საღი აზრი „ქართულ ოცნებაში“ და ჩვენ მივიდოდით გარკვეულ შეთანხმებამდე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ გავაუქმეთ ყველა აქცია და მათ შორის უარი ვთქვით ხვალინდელ აქციაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, მაგრამ ხვალიდან ჩვენ გადავდივართ სულ სხვა რეჟიმზე მოქმედების და სულ სხვა ტალღაზე, ამიტომ ჩვენს გეგმას, თუ რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ ხვალ, 12:00 საათზე გამოვაცხადებთ რუსთაველზე“, – განაცხადა უდუმაშვილმა.