„დარწმუნებული ვარ, ამ სახით ოპოზიცია ვეღარ დარჩება, თუ სტრუქტურული გადანაწილება არ მოახდინა. ოპოზიციამ უნდა შეძლოს შეუძლებელი ახლა და შეუძლებელი რა არის იცით?! თავიანთ პარტიულ ამბებს დაანებონ თავი და დიდ მოძრაობაზე გადავერთოთ. დიდ სახალხო მოძრაობას ვგულისხმობ, სადაც იქნება ყველა ერთად და საკმაოდ იერარქირებული იქნება, მას უნდა ჰყავდეს საბჭოც. იმის ლაპარაკი, რომ მრავალფეროვანია ოპოზიცია – არ უნდა ხალხს ეს მრავალფეროვნება, ხალხის შეკვეთა არის ძლიერი მონოლითი, რომელსაც ენდობა ხალხი.

პრობლემა რა არის დღეს, ხალხი არ ენდობა ოპოზიციას და ოპოზიცია არ ენდობა ხალხს. 10 წელია წვალობს ოპოზიცია სააკაშვილის ჩანაცვლებაზე, ჩაანაცვლონ მერე, ვინმე რამეს უშლის?! გამოჩნდნენ ახლა სააკაშვილის გულშემატკივრები, რატომ ჩამოვიდაო, მაშინ უნდა ჩამოსულიყო, მე მის ადგილას ასე ჩამოვიდოდიო! ვინ გეკითხება საერთოდ? როდის მერე გახდით მისი გულშემატკივრები, ზოგი იძახის პარაშუტით გადმოვხტებოდიო, ზოგი იძახის ბორბლებიანი მფრინავი გემით ჩამოვიდოდიო. დაანებეთ ამას თავი, თუ მაგრები ხართ, გააკეთეთ! ვისიც ეშინია ბიძინას, ის დაჭერილია, ვისიც ეშინია ვლადიმერ პუტინს, ის დაჭერილი ჰყავთ, ბიძინა არის „კლუჩნიკი“. ხელს გვიშლის სააკაშვილი სიდიადეშიო, ალექსანდრე მაკედონელები, ჯორჯ ვაშინგტონები, დავით აღმაშენებლები არიან და ეს მიშა უშლის ყველას ხელს თურმე. გააკეთეთ, რისი გაკეთებლები ხართ.

აგერ ნახავთ, სააკაშვილი გაუშვებს ამ ხელისუფლებას პერსონალურად. როგორ და ჩველებრივად, მე მარჩიელი არ ვარ, რა ფორმით და როგორ. ძვირფასო მეგობრებო და ძვირფასო ბიძინა, ნაზარბაევზე მაგარი კაცი მაინც არ ხარ, მისი დემონტაჟი მოხდა ყაზახეთში. ვერ გაუძლებ და ნაზარბაევს სააკაშვილისნაირი მოწინააღმდეგეც არ ჰყოლია, იქ ოპოზიცია განადგურებული იყო საერთოდ. რამდენ ხანს იჯდება მე ვერ გეტყვით, მაგრამ სააკაშვილი ციხიდან რომ გამოვა, ამ ხელისუფლებას გაუშვებს, შეიძლება ციხიდანაც გაუშვას”

ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, გუბაზ სანიკიძე პალიტრანიუსის ეთერში.