ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უკვე ჭირი მოგვჭამა, წავიდა, აღარ არსებობს – ვოლსკი

ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი ორგანიზაცია Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევას ოპოზიციის მიერ ჩატარებულს უწოდებს და ამბობს, რომ მან უკვე “ჭირი მოგვჭამა”.

“მაგარი კვლევები ჩაატარა კეზერაშვილმა და ისეთი შედეგი გამოიყვანეს, რომ ყველა შემთხვევაში ოპოზიცია იმარჯვებს. ამ პანდემიის პირობებში, საინტერესოა, როგორ ჩაატარეს ან აქამდე როგორ ატარებდნენ კვლევებს საერთოდ. ამ ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უკვე ჭირი მოგვჭამა, წავიდა, აღარ არსებობს. მთავრობა ხმამაღლა საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს და გაცილებით უფრო კარგი კვლევაც აქვს ჩატარებული”. – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ბევრი პროგრამა, რომელიც მეტ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა, პანდემიის გამო ვერ სრულდება, თუმცა, იმედი აქვს, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და ქვეყანა განვითარების იმ ტემპებს დაუბრუნდება, რომელიც დაგეგმილი იყო”.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვაში წინა ხელისუფლების დროს ჩართულობა 0–ის ტოლი იყო, თუმცა რეიტინგებში მაინც პირველ ადგილზე იყვნენ.

“საზოგადოებაში სულ სხვა განწყობაა, ხოლო კეზერაშვილის ტელევიზიებით თუ სხვა რესურსებით წარმოჩენილი განწყობა სხვაა. ასე რომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კიდევ მეტს შევძლებთ, გაცილებით უკეთესად გავაკეთებთ ყველაფერს და არც ადამიანების სისხლსა და ბედზე გადაივლის ჩვენი მომავალი ისტორია,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” — 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” — 5%.