ორი პირის დაჭრაში ბრალდებულ “ქართული ოცნების” დეპუტატს პატიმრობა შეეფარდა

სიღნაღის რაიონულ სასამართლომ დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებაში „ქართული ოცნების” საკრებულოს წევრს, გიორგი ჭინჭარაულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში შეუფარდა.

დაცვის მხარე დაკავებულის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ბრალდებული გიორგი ჭინჭარაულის თქმით, დანა მოგერიების მიზნით გამოიყენა, რადგან პირებმა, ვის დაჭრაშიც ბრალი ედება, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„შემოვიდა ერთ-ერთი ძმა, გაგა ჭინჭარაული და მომმართა ძალიან აგრესიულად. გვარი დამისახელა სოფელში, ბიჭების, რას დადიხარ იმათთანო. ვუთხარი, საჯარო მოხელე ვარ და საკრებულოს წევრი, ყველასთან ვალდებული ვარ, ვიურთიერთო მეთქი. ისეთი აგრესიული იყო, ბავშვი სახლში გავუშვი. მისი ძმა გადმოვიდა მანქანიდან, თავიდან აჩერებდა, მაგრამ, მერე მეორემაც შემაგინა და წავიდა ხელჩართული ბრძოლა. მე დანის ხმარება რომ მდომოდა, მაშინვე დავჭრიდი. მცემეს, გამიგდეს წიხლქვეშ. ამის მერე სახლში წავედი.

მეორე დღეს სხდომა უნდა გვქონოდა საკრებულოში. ამის გამო გავედი სახლიდან. გზაში შემხვდნენ ისევ და ჩვენს შორის ჩხუბი 10- 15 წუთი გაგრძელდა. თავდაცვისა და მოგერიების მიზნით გამოვიყენე დანა”, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ჭინჭარაულმა.

სოფელ გამარჯვებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჭინჭარაულს ბრალდება გუშინ წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წინასასამართლო სხდომა 5 აგვისტოს, 12 საათზე ჩაინიშნა.