ორშაბათს გაირკვევა, გაათავისუფლებენ თუ არა გიორგი რურუას

ორშაბათს, 18 მაისს გაირკვევა, შეცვლის თუ არა სასამართლო „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას და გაათავისუფლებს თუ არა მას გირაოს სანაცვლოდ.

სასამართლო სხდომაზე გიორგი რურუას ადვოკატები მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ. დაეთანხმება თუ არა, აღნიშნულ შუამდგომლობას პროკურატურა, ეს უცნობია.

ადვოკატის თქმით, გარდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობისა, პროცესზე დაიკითხება სამი მოწმე, მათ შორის პატრულ-ინსპექტორები და ექსპერტები, რომლებიც რურუას ავტომანქანის ჩხრეკაში მონაწილეობდნენ.

გიორგი რურუა ირაკლი ოქრუაშვილთან და გიგი უგულავასთან ერთად პოლიტპატიმრად ითვლება, რომელთა გათავისუფლებას ბოლო დროს აქტიურად მოითხოვდნენ ევროპარლამენტარები და ამერიკელი სენატორები. ოპოზიცია აცხადებს, რომ მიუხედავად ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას შეწყალებისა, თუ გიორგი რურუაც არ გათავისუფლდა 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.