ორ თვეში ევროპის მოსახლეობის ნახევარი “ომიკრონით“ დაინფიცირდება– ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის მიმართულების დირექტორი, ჰანს კრუგე ამბობს, რომ ჯანმოს პროგნოზებით ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი შემდგომი ექვსი–რვა კვირის განმავლობაში კორონავირუსის “ომიკრონის“ ვარიანტით დაინფიცირდება.

2022 წლის პირველ კვირას ევროპაში კოვიდის 7 მილიონზე მეტი შემთხვევა დარეგისტრირდა. ბოლო ორ კვირაში ინფიცირების მაჩვენებელი გაორმაგდა.

საფრანგეთში ორშაბათს ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა თითქმის 23 ათასამდე გაიზარდა. ეს 2021 წლის აპრილიდან ყველაზე დიდი ზრდაა.

კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ პოლონეთში 100 ათას ადამიანს გადააჭარბა.

შვედეთის მთავრობა დამატებით ზომებს იღებს, რათა კორონავირუსით დაინფიცირების ტემპის ზრდა შეაჩეროს და ჯანდაცვის სისტემა დამატებითი დატვირთვისგან დაიცვას. ბოლო კვირებში შვედეთში ომიკრონის სწრაფი გავრცელება აღინიშნებოდა, რამაც მთელი ქვეყანა მოიცვა. გასულ კვირას ინფიცირების შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა– 60 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ეს იმ დროს, როცა ტესტირების მაჩვენებლით შვედეთი ბევრ ევროპულ ქვეყანას ჩამორჩება.