“ოფისიდან გასული მანქანების საბარგულებს ამოწმებენ, ჰგონიათ, რომ საბარგულით გავალ„ – ნიკა მელია

ნიკა მელია ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისი დატოვა და უკან დაბრუნდა ისე, რომ ხელისუფლებამ ამის შესახებ ვერ გაიგო. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტის შემდეგ ნიკა მელიამ მედიას განუცხადა. შეკითხვის პასუხად, როდის გავა ოფისიდან, ენმ-ის ლიდერმა თქვა, რომ გასულიც იყო და დაბრუნდა კიდეც, ხელისუფლება კი მანქანების საბარგულს ამოწმებს – “რატომ ჰგონიათ, რომ საბარგულით გავალ ან შემოვალ, არ ვიცი”, – თქვა ნიკა მელიამ.

“ოფისიდან გასულიც ვიყავი და შემოვედი კიდეც, სად ვიყავი და როდის, ამის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა მიგეწოდებათ. სწორედ ამიტომაც არიან შეწუხებულები ხელისუფლებაში და ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ოფისს ტოვებს, საბარგულებს უმოწმებენ, ვპირდები, ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე, რატომ ჰგონიათ, რომ საბარგულით გავედი?” – თქვა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ გაიგო, რომ ის ოფისიდან გავიდა, ამის შემდეგ კი, იმით შეწუხებულებმა, რომ ვერ დააკავეს, “ზომები გაამკაცრეს”.

ენმ-ის ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა ლიეტუვის სეიმის წევრის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ნიკა მელიამ, ასევე, განაცხაფა, რომ ეს ვიზიტი მომავალ თვეს იყო დაგეგმილი და ვადაზე ადრე ფორსმაჟორული სიტუაციის გამო შედგა.