“ოცნებამ” შესაძლოა მხარი დაუჭიროს სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა პარტიამაც დაუჭიროს მხარი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. მისი თქმით, კომისია დაადგენს, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

“მე პირადად, შეიძლება, არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი. როდესაც საუბარი სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ყველამ ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ასეთი კომისია შეიქმნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ [მხარდაჭერა] შეიძლება არც იყოს ცუდი, ამიტომ შეიძლება ვიფიქროთ ამ ხმების შევსებაზეც კი. ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან მარტივად დაადგენს ეს კომისია არასათანადო მოპყრობის არარსებობას. ამისთვის არის დრო თებერვლამდე, თებერვალში გაიხსნება პარლამენტის მორიგი სესია, მანამდე გვექნება მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას”,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სურს, პარლამენტში ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს და იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები.