”ოცნებას” სურს, ასიამოვნოს რუსეთს და შეამციროს ხალხში ჩვენი გმირების პოპულარობა – “დროა”

”ოცნებას” სურს, ასიამოვნოს რუსეთს და შეამციროს ხალხში ჩვენი გმირების პოპულარობა –  ასე ეხმაურება პარტია ”დროა”  “ქართული ოცნების”  ლიდერების განცხადებას, რომლის მიხედვით სხვა ქვეყნის ჯარში ყოფნა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას ითვალისწინებს.

“ქართული ოცნება მამუკა მდინარაძისა და რატი იონათამიშვილის პირით უკრაინაში ქართველ მებრძოლებს ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით დაემუქრა. მათ განაცხადეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნის ჯარში შესვლა ავტომატურად გულისხმობს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

ეს არ არის ქართული ოცნების პირველი ქმედება ქართველ მებრძოლთა წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საომრად უკრაინაში მიმავალი ქართველები თვითმფრინავში არ აუშვა, უარი თქვა დაღუპულთა ჩამოსვენებისას მათ დახვედრაზე, უძნელდება დაღუპულთა ოჯახების მიმართ სამძიმრის გაცხადებაც კი და მებრძოლებს “ომის პარტიის“ მიერ ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციებისთვის მართულ ხალხს უწოდებს.

მათ სურთ, ასიამოვნონ რუსეთს და როგორმე შეამცირონ ხალხში ჩვენი გმირების პოპულარობა, რადგან პატრიოტიზმისა და თავისუფლების იდეით გაერთიანებული ხალხი არასდროს იქნება ქართული ოცნების მორჩილი და აუცილებლად გაათავისუფლებს ქართულ სახელმწიფოს” – ნათქვამია განცხადებაში.