“რამდენიმე სიტყვით შევეხები სააკაშვილის ადვოკატის დეპორტაციას, უკრაინელი ჟურნალისტის, ასევე უკრაინელი სახალხო დამცველისა და უკრაინელი რადას დეპუტატების შეფერხებს საზღვარზე. საქართველოს ხელისუფლება გასულია ყველა რაციონალური ფარგლიდან, საქართველოს ხელისუფლებას სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი მიხეილ სააკაშვილისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, არა როგორც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებისთვის, არამედ ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტები, ძალიან დიდ საშიშროებას საკუთრივ ქვეყნის სტაბილურობისთვის და მათ შორის ვხედავთ, წარმოდგენილი გვაქვს რუსული ტანკები თბილისში.

პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ ამ სცენარს ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ ქართულ ოცნებას ყველაფერი მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირების და რუსეთის ე.წ. იძულებითი ინვაზიისკენ საქართველოში. ქართული ოცნება, პირადად ბიძინა ივანიშვილი დროზე უნდა მოეგოს გონს და უნდა გააცნობიეროს, რომ პასუხისმგებლობა არის არა ციხის საავადმყოფოზე, არა რომელიმე დაწესებულებაზე, არა ციხის უფროსზე, არა იუსტიციის მინისტრზე, არც მის პრემიერმინისტრზე, მასზეა ეს პასუხისმგებლობა”

აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია.