“ოცნება” რუსული კანონის ორივე ვარიანტს I მოსმენით მიიღებს და ვენეციის კომისიაში გააგზავნის

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აცხადებს, რომ უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. კობახიძის თქმით,  ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად გააგრძელებენ კანონპროექტზე მუშაობას და კანონს აუცილებლად მიიღებენ.

“ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გვქონდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი მოსმენით ორივე კანონპროექტს მხარს დავუჭერთ. საკომიტეტო მოსმენები უახლოეს დღეებში შედგება, ამის შემდეგ კი პლენარული სხდომა გაიმართება. პირველი მოსმენით მივიღებთ როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ ვერსიასაც. ამის შემდეგ კი უკვე ორივე დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. დასკვნის წარმოდგენას ჩვენ დაჩქარებული წესით ვითხოვთ, ასეთი პროცედურა არსებობს. შემდეგ უკვე კანონის შესაბამისი ვერსიის მიღება სესიის ბოლომდე დასრულდება”. – აცხადებს ირაკლი კობახიძე.