“ოცნება” უბნების გადათვლას ითხოვს და ენმ წინააღმდეგია – პაპუაშვილი

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზუგდიდში მმართველი პარტია უბნების გადათვლას ითხოვს, ნაციონალური მოძრაობა კი ამის წინააღმდეგია. ამით ის ენმ-ს წევრის, ანა წითლიძის განცხადებას ეხმიანება.

“დემოკრატიის და არჩევნების უმაღლეს სტანდარტზე ჩატარების ამაზე დიდი მტკიცებულება რთულად თუ მოიძებნება. ეუთო/ოდირის დასკვნაზე მეტია “ქართული ოცნება” უბნების გადათვლას ითხოვს და “ნაციონალური მოძრაობა” წინააღმდეგია”,- წერს პაპუაშვილი.

ანა წითლიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ საჩივარი შეიტანა საოლქოში კომისიაში და ითხოვს მე-11 მაჟორიტარული ოლქის უბნების გადათვლას, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა ოცნების კანდიდატს 2 ხმით მოუგო. მისი განმარტებით, ამის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ კანდიდატის გაბათილებულმა ბიულეტენებმა წააგებინეს.

“საოლქომ უნდა ჩანიშნოს სხდომა და გადაწყვიტოს გადაითვლიან თუ არა უბნებს. ამ საჩივარს თან უნდა ერთვოდეს მტკიცებულება რომელიც არ არის. მანამდე ბოლო ორ არჩევნებზე გაბათილებული ბიულეტების გადათვლას მე ვითხოვდი, სასამართლოშიც კი ვიდავე და უარი მივიღე. ახლა რა პრეცენდეტს დაუშვებს საოლქო საინტერესოა. ეუთო-ოდირის მისიას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია.

გადათვლის ჩვენ არ გვეშინია ნამდვილად. გადათვლეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ თუ ამას გადათვლით, მაშინ მოგიწევთ გადათვალოთ ყველა უბანი და დარწმუნებული ვარ, გაბათილებულ ბიულეტებში ჩვენი იმდენი ამოვა, რომ მერი პირველ ტურში გვექნება მოგებული. რა თქმა უნდა, სხდომას მე დავესწრები”,- წერს ანა წითლიძე.

ცნობისთვის, ზუგდიდში ენმ-ს კანდიდატმა ანზორ მელიამ არჩევნების პირველ ტურში ხმების 46.88% მიიღო, ხოლო ოცნების კანდიდატმა მამუკა წოწერიამ 41.15%. მათ შორის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.