“ოცნების” პერიოდში ყოველი შემდგომი არჩევნები იმართება წინაზე მაღალი სტანდარტით – ბერაია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია მაიკ პომპეო– გიორგი გახარიას საუბარს აფასებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყოველი შემდგომი არჩევნები წინაზე უფრო მაღალი, დემოკრატიული სტანდარტით ტარდებოდა.

ბერაია აღნიშნავს, რომ არასერიოზულია, როგორ ინტერპრეტირებს ოპოზიცია პომპეოს განცხადებაზე.

“არჩევნების თავისუფალ, გამჭვირვალე, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი. ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ყოველი მომდევნო არჩევნები იმართებოდა წინა არჩევნებთან შედარებით უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტით და რასაკვირველია, 2020 წლის არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება არის ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მათთვის სასურველ ინტერპრეტაციას, ამას სერიოზულად არ აღვიქვამ”,– განაცხადა დაჩი ბერაიამ.

გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.

მანვე აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. პომპეომ მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის.

ოპოზიციის შეფასებით, პომპეომ გახარიას მოუწოდა, რომ არჩევნები არ გაყალბდეს. ენმ–ს განცხადებით, პომპეომ გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა გახარიასთან.