“ოჯახს გამოძიებასთან პრეტენზიები არ აქვს“ – შაქარაშვილის ბიძა

„ოჯახი თვლის, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემული არიან სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში“– ეს განცხადება გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ პროკურატურის ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. ის ამბობს, რომ ოჯახი გამოძიების ვერსიას ენდობა:

„საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ 5 პირმა ჩაიდინა გიორგის მკვლელობა. დღესდღეობით არსებული მტკიცებულებებით, რაც ჩვენთვისაა ცნობილი, ვფიქრობთ, რომ სრულადაა დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს სასამართლოში არ უნდა ჰქონდეს რაიმე სამართლებრივი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული, უკვე დაკმაყოფილებულია. საბოლოო ჯამში, ეჭვშეუვალად იქნა დადგენილი, რომ სხვა მანქანები, სხვა პირები, გარეშე ადამიანები, გარდა „ტოიტას“ მგზავრებისა ანუ ამ ხუთი წევრისა, შემთხვევის ადგილას არ იყვნენ ფიზიკურად და სხვა ვერავინ განახორციელებდა ამ დანაშაულს“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. ოჯახი თვალყურს მიადევნებს როგორც სასამართლში მიმდინარე პროცესებს, ასევე სასჯელის მოხდის პერიოდს, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები– მაგალითად პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება, შეწყალება და ა.შ.

პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს  „ტოიოტა ქამრის“ მგზავრს 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის წარუდგინა ბრალი, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.