პანდემია დამარცხდება და ნოვრუზობის აღნიშვნა გაალამაზებს საქართველოს გაზაფხულს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს. მისი თქმით, პანდემიის დამარცხების შემდეგ ამ დღესასწაულის აღნიშვნა ისევ გაალამაზებს “საქართველოს გაზაფხულს”.

“დღეს აღინიშნება გაზაფხულის დადგომის, ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც ბუნების გამოღვიძებას, ახალი ენერგიით აღვსებას ნიშნავს და არის ახალი საწყისის, უკეთესი მომავლის იმედის სიმბოლო.

საქართველოში ნოვრუზობის დღესასწაულის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს არის საქართველოს კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების ნათელი მაგალითი.

პანდემიის გამო, სამწუხაროდ, წელსაც არ გვეძლევა ამ უძველესი დღესასწაულის ერთად აღნიშვნის შესაძლებლობა. მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით პანდემია დამარცხდება და მომავალში ნოვრუზობის ლამაზი ზეიმის ტრადიციულად აღნიშვნა ყოველთვის გაალამაზებს საქართველოს გაზაფხულს.

ვულოცავ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც ნოვრუზ ბაირამს ზეიმობს. ყველას, ვინც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აღნიშნავს ნოვრუზს, ვულოცავ გაზაფხულის, ახალი დღის დადგომის დღესასწაულს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს!”,– წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს ნოვრუზ ბაირამის დაწყებისას ერთი ღამით კომენდანტის საათის მოხსნაზე უარი განაცხადა.