პანსიონიდან 11 ბავშვი გამოვიყვანეთ, მათ შორის 1 შშმ სტატუსის მქონე – ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი – ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის ნაწილში უკვე დაწყებულია.

“ამ დროისთვის სააგენტომ, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, კიდევ 5 არასრულწლოვანი ზრუნვის სხვა ფორმაში უკვე გადაიყვანა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონატიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია. ადგილზე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი, როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში აგრძელებს მუშაობას”,– აცხადებს სამინისტრო.

უწყების განმარტებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები უკვე მოძიებული აქვს – ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ნინოწმინდის პანსიონში მუშაობას აგრძელებს.