პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრის გაუქმების მიზეზი მოუცლელობა არ ყოფილა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის გაუქმების მიზეზი მისი მოუცლელობა არ ყოფილა. მისი განმარტებით, სანამ ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვიდოდნენ, მანამდე ევროპარლამენტის თავმჯდოამარესთან მას მემორანდუმი უნდა გააფორმოს.

“ჟან მონეს დიალოგი წარმოადგენს ფორმატს საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარის და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის და ამიტომ, საჭიროა არის, რომ ეს შეთანხმებით შედგეს მანამ სანამ იქნება ასეთი სახის ღონისძიება დაგეგმილი და ეს კომუნიკაცია გვქონდა მათ შორის ამ ჯგუფთანაც.

როდესაც შევიტყვეთ, რომ აპირებდნენ ჩამოსვლას, მაშინვე შევატყობინეთ, რომ ჯერ საჭიროა, მით უმეტეს ახალარჩეული ჰყავს თავმჯდომარე, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტს. იცით, რომ ჟან მონეს დიალოგი ჯერ დაწყებული არ არის, ფორმალურად ამას სჭირდება ევროპარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მემორანდუმის გაფორმება და სწორედ ეს მიზეზები მოვახსნეთ ჩვენ ევროპარლამენტარების შესაბამის ჯგუფს”.- ამბობს პაპუაშვილი TV პირველთან.

ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ რატომ ჩაწერეს ევროპარლამენტარებმა განცხადებაში, რომ მას არ ეცალა, პაპუაშვილი პასუხობს, რომ “რა თქმა უნდა, მიზეზი ეს არ ყოფილა”.

“განმარტებები პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა გააკეთა საჯაროდ და კომუნიკაციაც გვქონდა, მოვუწოდეთ, რომ გაასაჯაროვონ მთლიანი კომუნიკაცია. დანარჩენს ვერ გეტყვით, ეს მათ [ევროპარლამენტარებს] უნდა ჰკითხოთ.

პროცესი უნდა წარიმართოს იმ წესების და ფორმატის მიხედვით, რომელიც არსებობს ჯან მონეს დიალოგში”.- აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.