14 საათზე ველოდებით დასკვნას, შემდეგ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯებს – კოალიცია ხოშტარიაზე

“14 საათზე ველოდებით დასკვნას, შემდეგ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯებს” – კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბრიფინგი გამართეს. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ხოშტარიასთან შედიან ექიმები, რათა გამოიტანონ საბოლოო დასკვნა მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, 14 საათზე კი შეხვდებიან პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტს.

“ჩვენ აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ დავაკვირდეთ პროცესებს, რომელიც ელენესთან ექიმების შესვლას უკავშირდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საბოლოო, ასე ვთქვათ, დასკვნისთვის ბოლო ვიზიტს იმიტომ, რომ ამის შემდეგ, ჩვენ 14 საათზე უკვე გვექნება შეხვედრა პენიტენციურ სამსახურთან თბილისში, კერძოდ, ჯანდაცვის დეპარტამენტთან და ვიმედოვნებთ, რომ დღეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საბოლოო პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.ექიმები შევლენ რამდენიმე წუთში ციხეში, როგორც უკვე მოგახსენეთ, იქნება საბოლოო დასკვნა მათი მხრიდან და ჩვენ ვიცით, რომ ელენეს მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ჩარევას. ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. არ შეიძლება ადამიანი უკანონო პატიმრობის გარდა ასევე იმყოფებოდეს უმძიმესი ტკივილების ქვეშ, რაც უტოლდება მის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. მე მინდა ყველას გთხოვოთ, დღეს, 14 საათზე, სანდროეულის 3 ნომერში, შევიკრიბოთ პენიტენციური დაწესებულების შენობის წინ და დაველოდოთ გადაწყვეტილებას, დასკვნას. კვლავ ვიმეორებ, რომელიც იმედი მაქვს, იქნება ადეკვატური და მოგვცემენ შესაძლებლობას, ელენეს ჯანმრთელობა გამოვასწოროთ და მოვუხსნათ ის მძიმე და აუტანელი ტკივილები, რომელიც მას გამოწვეული აქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.ჩვენ არ ვაპირებთ ამ წუთში რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღებას და ველოდებით კვლავ ადეკვატურ გადაწყვეტილებას, თუმცა მისი მიუღებლობის შემთხვევაში ჩვენი ნაბიჯებიც იქნება ადეკვატური და საპასუხო იმ გადაწყვეტილებისა, იმ უარყოფითი გადაწყვეტილებისა, თუ ამგვარი იქნება მიღებული. ჩვენ, კვლავ ხაზს გავუსვამ, ამ წუთში პოლიტიკურ კაპიტალიზაციას ამ საკითხზე არ ვაპირებთ. ჩვენთვის უმთავრესი და გადამწყვეტი არის ჩვენი მეგობრის, თანამოაზრის და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენა.” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პარტია დროას წევრის, გიგა ლემონჯავას შეფასებით კი, ასეთი ტკივილებით ადამიანის ციხეში ყოფნა უტოლდება ადამიანის წამებას, ამიტომ ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის ელენეს გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში.

“ის უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკაში. ელენეს აქვს გაუსაძლისი ტკივილები. ამ ტიპის ტკივილით ციხეში ყოფნა უთანაბრდება ადამიანის წამებას. ამიტომ ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის ელენეს გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მას უნდა ჩაუტარდეს სრული კომპლექსი გამოკვლევებისა, უნდა დაზუსტდეს საბოლოოდ მისი დიაგნოზი და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური მკურნალობა, ამიტომ 14 საათზე ვიქნებით პენიტენციურ სამსახურთან, იქ დაველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას.” – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.