პარიზის პოლიციის მიერ აღმოჩენილი “ნარკოტიკის დიდი პარტია“ მარწყვის კანფეტი აღმოჩნდა

პარიზის პოლიციის მიერ აღმოჩენილი და კონფისკირებული “ექსტაზის პარტია“ სინამდვილეში მარწყვის კანფეტი აღმოჩნდა.

პარიზის პოლიციამ ამ კვირას განაცხადა, რომ პოლიციის რეიდის დროს  1 მილიონი ევროს ღირებულების ნარკოტიკი აღმოაჩინეს. ახლა კი  გამოძიებასთან დაახლოებული წყარო იტყობინება, რომ ვარდისფერი ფხვნილი სინამდვილეში ტკბილეული აღმოჩნდა. უფრო სწორად, საფრანგეთში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ტკბილეულის ბრენდის,  Haribo–ს წარმოების მარწყის ტაგადა.

პოლიციელები აცხადებდნენ, რომ ამოღებული ნარკოტიკები იატაკქვეშა წვეულებებისვის იყო განკუთვნილი. პოლიციის ტვიტს თან ახლდა ორი ფოტო, რომლებზეც ნაცრისფერი ფხვნილი და დიდი რაოდენობით პაკეტებში ჩაწყობილი პატარა ვარდისფერი აბები იყო ასახული.

თუმცა, ხუთშაბათს ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ფხვნილი არც ნარკოტიკი იყო და არც მომწამვლელი ნივთიერება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ საქმეზე დაკავებულ ეჭვმიტანლს პასუხისგებაში მაინც მისცემენ, რადგან პოლიციამ ასევე აღმოაჩინა მოპარული მობილური ტელეფონები და მექანიზმი, რომელიც ექსტაზის აბების დასამზადებლად გამოიყენება.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რატომ გამოცხადდა თავდაპირველად ნარკოტიკების პარტიის აღმოჩენის  შესახებ, ან რატომ დასჭირდა ეჭვმიტანილს  Haribo–ს კანფეტების დანაწევრება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნარკოტიკების მსხვილი პარტიის აღმოჩენის შესახებ მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. გასულ წელს ტაილანდში ნარკოტიკებად წოდებული ნივთიერებები სარეცხი საშუალების შემადგენელი ნივთიერება აღმოჩნდა. ქვეყნის იუსტიციის მინისტრი მაშინ იძულებული გახდა უარეყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში რეკორდულად დიდი რაოდენობის – 11.5 ტონა კონტრაბანდული კეტამინი აღმოაჩინეს. თუმცა, კონფისკირებული თეთრი ფხვნილი ტრინატრიფოსფატი აღმოჩნდა – შენაერთი, რომელსაც საკვებ დანამატად იყენებენ, ან კომპონენტად  სარეცხი საშუალებების წარმოებაში.

“მარწყვის ტაგადა“ კომპანია  Haribo–ს მიერ 1969 წელს შექმნილი კანფეტია, რომელიც მარწყვის ფორმით გამოდის და შაქრის ფხვნილით არის დაფარული.